სტუმრად ლევან ამაშუკელთან

სტუმრად ლევან ამაშუკელთან

ლევან ამაშუკელი გამორჩეულად უნიკალური არტისტია. მისი ნამუშევრები ისრუტავს ყოველდღიურობას. ყველას შეუძლია საკუთარი თავი იპოვოს მის მიერ შექმნილ ზღაპრულ გმირებში. მაგრამ აი იპოვი თუ არა, ეგრევე სიღრმეებში და სხვა და სხვა შრეებში იკარგები. ბევრს რომ ტილო და ზეთი ჰქონია, ნამუშევრები ციფრული და ამოუწურავია. მოდი ვნახოთ თავად ლევანი რას ფიქრობს და მოგვითხრობს:

  • კითხვა რომელიც მანანა არაბულმა დაგიტოვა: როგორ ხარ ლევან. როგორი ცვლილებები გქონდა პანდემიის პერიოდში, როგორ იმოქმედა შენ შემოქმედებაზე ყველაფერმა?

დიდი მადლობა მანანას კითხვისთვის. მგონი პანდემიისას უფრო პროდუქტიული გავხდი და მეტს ვმუშაობ. დავუბრუნდი ციფრულ ხატვას და ცხვება ციფრული სურეალიზმები.

  • როგორ გაჩნდა არტისტი ლევან ამაშუკელი, საიდან დაიწყო ეს ისტორია? (შენ ახალი სიტყვა იყავი ციფრულ ხელოვნებაში - ამ მიმართულებითაც რომ იბაასო)

2007 წელი იყო მახსოვს და აღმოვაჩინე სახატავი პროგრამა ArtRage, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ზეთის საღებავების ეფექტის სიმულაციას აკეთებდა, რამაც მომაჯადოვა და მანდ დავიწყე. ვხატავდი ყველაფერს რაც თავში მომივიდოდა: პორტრეტებს, სურეალისტურ ისტორიებს, აბსურდებს, კომიქსებს და ა.შ.

  • ზმუდარტი საოცარი პროექტია, განსხვავებული. იქნებ მის შესახებ მოგვითხრო?

ზმუდარტი მუდმივი განვითარების პროცესშია. გველივითაა, კანს იცვლის და ერთ წელს შეიძლება ფანქრით ვხატავდე და შემდეგ კვლავ ციფრულ ხატვას დავუბრუნდე. მუდმივი ძიების პროცესია. თვითონ ნამუშევრებს რაც შეეხება, ერთგვარი გაშეშებული ანიმაციური კადრებია (Frame) ისტორიები სავსეა შავი იუმორით და ადამიანური სისულელეებით.

  • შენს მიერ შექმნილი კობის ეტიკეტი ყველასგან განსხვავებულია. როგორი იყო მისი შექმნის პროცესი?

საინტერესო იყო ეტიკეტზე მუშაობა რადგანაც არც ისე ხშირია ასეთ პროექტებს ვთანხმდებოდე. პროდუქტი უნდა მომწონდეს, მოწონების შემდგომ კი ახალი გამოწვევები ჩნდება: გარკვეული შეზღუდვები (ეტიკეტის ზომა, ფერებში შეზღუდვა) პირიქით გამოტივირებს, რომ უფრო საინტერესო გამოვიდეს.

  • ეტიკეტი საოცრად მოუხდა კობის შეფუთვას. ფერადი, მსუბუქი და საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა და თავად მინერალურ წყალზე რას გვეტყოდი?

წყლის მოყვარული ადამიანი ვარ. ძალიან მიყვარს ზაფხული და ზღვა. მახსოვს პირველად რომ გავსინჯე ზაფხული იყო და გავგრილდი. ზუსტად ეს გაგრილება გადმოვეცი ჩემებურად ეტიკეტზეც.

  • დაუტოვე კითხვა შემდეგ არტისტს.

ვინ არის შენი საყვარელი ქართველი არტისტი (მოქმედი)?